დურსუნ ჰასანოვი - აღმოსავლეთში აზერბაიჯანის რესპუბლიკა იყო პირველი, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ
დურსუნ ჰასანოვი - აღმოსავლეთში აზერბაიჯანის რესპუბლიკა იყო პირველი, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ

აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკამ თავისი არსებობის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. მან შექმნა სახელმწიფო ინსტიტუციები და ეროვნული არმია, – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, დურსუნ ჰასანოვმა თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.

„აზერბაიჯანმა მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან დაამყარა დიპლომატიური კავშირები და გახსნა საელჩოები. ასევე, დაიდო ორმხრივი ხელშეკრულებები. აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, მიუხედავად მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, სარგებლობდნენ საარჩევნო ხმით და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებით. ასევე, აღმოსავლეთში აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა იყო პირველი, სადაც ქალებს მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ სამწუხაროდ, 1920 წლის აპრილს, საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, საბჭოთა რეჟიმმა დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და დაიწყო საბჭოთა ერა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანმა თავისი დამოუკიდებლობა ხელახლა მოიპოვა. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში ხელისუფლების სათავეში მოსულმა გამოუცდელმა ხელმძღვანელებმა ჩვენი რესპუბლიკა ჩიხში შეიყვანეს, გარდა ამისა, ისინი წინ ვერ აღუდგნენ სომეხთა ასე ვთქვათ, დამპყრობლურ-ანექსიურ პოლიტიკას და შედეგად ჩვენი სახელმწიფოს 20 პროცენტი იქნა ოკუპირებული სომხეთის მიერ, რაც დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა დურსუნ ჰასანოვმა.

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.