დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალი დონის გამო, რუმინეთში საკრუიზო გემი მეჩეჩზე დაჯდა, ატომური რეაქტორის მუშაობა კი შეჩერდა

16:05, 29.07.2026

საპორტო ქალაქ ვიდინისკენ (ბულგარეთი) მიმავალი საკრუიზო გემი, მდინარე დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალი დონის გამო, მეჩეჩზე დაჯდა, რის გამოც ყველა მგზავრის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის, ყველა მათგანი, სასაზღვრო პოლიციის კატარღის დახმარებით, უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

გემზე 230 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 186 ტურისტია, დანარჩენი – ეკიპაჟის წევრი. შვეიცარიის დროშის ქვეშ მცურავი გემი მეჩხერ წყალში რუმინეთის სოფელ გარლა-მარესთან გაიჭედა. ეს ის ადგილია, სადაც დუნაი ბულგარეთის ტერიტორიაზე შედის, მოპირდაპირე მხარეს კი ბულგარული სოფელი ნოვო სელო მდებარეობს.

დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალი დონე რუმინეთში სხვა პრობლემებსაც იწვევს. მათ შორის აღსანიშნავია ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორის გაჩერება, რომელიც რუმინეთში მოხმარებული ელექტროენერგიის 10 პროცენტს გამოიმუშავებს. რეაქტორის გაჩერება პრევენციული ზომაა და მოსახლეობას ან გარემოს საფრთხეს არ უქმნის. უახლოეს დღეებში რუმინეთი ელექტროენერგიას, სავარაუდოდ, რეგიონული ბაზრიდან შეიძენს. ის ხშირად მოიხმარს მზის იაფ ენერგიას, რომელსაც ბულგარეთი საბერძნეთისგან ყიდულობს, მის აკუმულირებას ახდენს და შემდეგ ხელახლა ყიდის.

სტატიის ავტორი: სტილიან დეიანოვი, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 28 ივლისი, 2026 წელი, 19:39 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი