ჟან-რენე ფურნიე - რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება გამოცოცხლების საშუალებას აძლევს იმ ოპოზიციას, რომელიც უმცირესობაშია და ანტირუსულ მიდგომას ქადაგებს
ჟან-რენე ფურნიე - რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება გამოცოცხლების საშუალებას აძლევს იმ ოპოზიციას, რომელიც უმცირესობაშია და ანტირუსულ მიდგომას ქადაგებს

რუსეთის დუმის სპიკერ ვიაჩისლავ ვოლოდინის განცხადებით, საქართველოს მთავრობის საპასუხო ნაბიჯების გარეშე ავიამიმოსვლის აღდგენა არასწორი იქნება. ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩისლავ ვოლოდინმა შვეიცარიის კანტონების საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატის) თავმჯდომარე ჟან-რენე ფურნიესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვიდრე საქართველოს მხრიდან არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არასწორი იქნება”, –  აღნიშნა რუსეთის დუმის სპიკერმა.

ვოლოდინის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთის მოქალაქეებს.

ვოლოდინმა ჟან-რენე ფურნიეს შეახსენა, რომ რუსთის დუმის რეაქცია, ივნისში თბილისში რუსეთის დელეგაციაზე თავდასხმებსა და საქართველოს ოფიციალური პირების ანტირუსულ გამონათქვამებზე, უფრო მკაცრი იყო – რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა ითხოვდა ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვას და საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეჩერებას.

„რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ეს არის პროგრამა მინიმუმის გადაწყვეტილებაა. რუსეთის დუმის დეპუტატების, რომლებიც წარმოადგენენ რუს ხალხს, პოზიცია  მდგომაროებს იმაში, რომ სამართლიანობა აღდგეს. ამისთვის კი საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან ამ სიტუაციაში სწორედ საქართველოს ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებასა და მთელ იმ სიტუაციაზე, რაც შემდეგ განვითარდა. საქართველოს წარმომადგენლებს უნდა განემარტოთ, რომ ასე არ უნდა მოექცე არა მხოლოდ უბრალო პარტნიორებს, და მითუმეტეს, ასე არ უნდა მოექცე მათ, ვინც ნომერ პირველი პარტნიორია“, – განაცხადა ვიაჩისლავ  ვოლოდინმა ჟან-რენე ფურნიესთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ ფურნიემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეჩერებამ საქართველოში რადიკალური ანტირუსული უმცირესობა გააძლიერა.

„მიგვაჩნია, რომ რაც თბილისში მოხდა, მიუღებელია. ჩვენ უნდა მოვითოხვოთ, რომ ასეთი სიტუაცია არ განმეორდეს. მაგრამ ჩვენ უნდა მივმართოთ რუსეთს, კიდევ ერთხელ გაანალიზოს სიტუაცია, რომელიც ავიამიმოსვლის შეჩერებას უკავშირდება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ეს გამოცოცხლების საშუალებას აძლევს იმ ოპოზიციას, რომელიც უმცირესობაშია და ანტირუსულ მიდგომას ქადაგებს“, – განაცხადა ჟან-რენე ფურნიემ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.