დუდუ დადიანის მემორიალი „თბილისი არენაზე“ ოთხი მატჩით გაიხსნა #1TVSPORT
დუდუ დადიანის მემორიალი „თბილისი არენაზე“ ოთხი მატჩით გაიხსნა #1TVSPORT

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი თბილისი არენაზე 1 ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული შეჯიბრება 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 22-ეა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. ისინი 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი და ნახევარფინალში თითოეულიდან საუკეთესო გავა.

 

D ჯგუფი
ოლიმპი vs სოხუმი საქართველო 100:82

„სოხუმი საქართველო“ ახალი გუნდია, რომელმაც „ა“ ლიგაში ადგილი „ტიტებისგან“ იყიდა და 2023-2024 წლების სეზონში სუპერლიგაში აღზევებას „ა“ ლიგიდან ეცდება. მთავარი მწვრთნელია გია კაზანჯიანი, რომელსაც გუნდები სუპერლიგაშიც და „ა“ ლიგაშიც გამოუყვანია.

„სოხუმი საქართველოს“ ლეგიონერები არ ჰყავს. გუნდი ძირითადად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომლის უმეტესობასაც სწორედ „ა“ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება „ოლიმპს“, სუპერლიგის ბოლო წლების ამბიციური გუნდი წლეულს შედარებით ხელმოკლედაა. გუნდს 3 ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ქართველი მოთამაშეებიდან ყველა ახალგაზრდაა, რომელთა შორისაც გამოსარჩევია ეროვნული ნაკრების წევრი, 20 წლის ლუკა ლიკლიკაძე. ყველაზე გამოცდილი ქართველი 24 წლის ივანე მეგენეიშვილია, რომელმაც დღევანდელ მატჩში თავი 17 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამ ჯგუფში თსუ ისვენებდა, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალში ხვალ „სოხუმი საქართველოსთან“ მატჩით ჩაებმება.

 

B ჯგუფი
ქუთაისი vs ტყიბული ორბი 99:74

„ქუთაისის“ მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა გარშემო ძლიერი ქართველი, როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები შემოიკრიბა, რომლებსაც ზურგს ჯერჯერობით 2 ლეგიონერი – დეტრეკ ბრაუნინგი და მარქუს გილსონი უმაგრებს.

გამოცდილ მიხეილ ბერიშვილთან, აკაკი დვალიშვილსა და გიორგი კორსანტიასთან ერთად იმერულ კლუბში არიან 20-წლამდელთა ნაკრების ბიჭები – გიორგი სულაბერიძე, გიორგი ოჩხიკიძე, ბაქარ ბერეკაშვილი. დღევანდელ მატჩში ახალგაზრდულმა ტრიომ თავი ისახელა. ყველამ შედეგიანად ითამაშა. ოჩხიკიძემ 15 ქულა მოაგროვა, სულაბერიძემ – 12, ბერეკაშვილმა კი – 7. საუკეთესო გილსონი გახლდათ – 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება. „ორბში“ 28 ქულით თავი ისახელა კენი კუპერმა, რომელმაც ტყიბულის გუნდის სუპერლიგაში აღზევებაში გასულ სეზონში ლომის წილი დაიდო.

ამ ჯგუფში გორის „ივერიონი“ ისვენებდა, რომელიც ხვალ „ორბს“ დაუპირისპირდება.

 

A ჯგუფი
გურჯაანის დელტა vs ზესტაფონის მარგვეთი 71:88

წინა სეზონის შემდეგ გურჯაანის „დელტამ“ შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა და გუნდი გვარიანად გააძლიერა, თუმცა სეზონის პირველი ტესტი ვერ ჩააბარა. გუნდში მარცხიანი დებიუტი ჰქონდა მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ხოშტარიას, რომელსაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „მარგვეთმა“ 17 ქულით აჯობა.

მარგვეთში“ დიდებულად ითამაშა ახალწვეულმა ლუკა ზაქრაძემ, რომელიც წინა სეზონში სუპერლიგიდან გავარდნილ „ვერაში“ თამაშობდა. ზაქრაძემ სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა – 19 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მასთან ერთად საუკეთესო იყო ახალწვეული ლეგიონერი მაიკლ მეიესი, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.

ამ ჯგუფში „რუსთავი“ ისვენებდა, რომელიც ხვალ „მარგვეთთან“ ითამაშებს.

 

C ჯგუფი
კავკასია vs სპორტუნი 99:68

დღის ბოლო შეხვედრაში „კავკასიამ“ სტუდენტური ლიგის „სპორტუნის“ 31 ქულით სძლია. ეს შედეგი ლოგიკურია: სუპერლიგის გუნდი, რომელსაც ეროვნული ნაკრების კანდიდატები ჰყავს, სტუდენტური ლიგის წარმომადგენელს შეხვდა.

„კავკასიას“ ნიკა ცინცაძე წვრთნის, რომელიც გასულ სეზონში ბექა წივწივაძის ასისტენტი იყო. წივწივაძე შორს არ წასულა. იგი საკალათბურთო აკადემიის გახსნით არის დაკავებული, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყობა. „კავკასიამ“ გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი – ილია ლონდარიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი რუხაძე დაიტოვა და ლუკა მაზიაშვილით გაძლიერდა.

კავკასიელებს გრეგ ფარჰემმა ულიდერა – 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 15 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა ილია ლონდარიძეს. „სპორტუნიში“ 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ოგბაიძე.