დუდუ დადიანის მემორიალი | ფინალში „კავკასია“ და „თელავი“ ითამაშებენ #1TVSPORT
დუდუ დადიანის მემორიალით საქართველოში 2026-2027 წლების საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. წლეულს მემორიალს მასში მონაწილე გუნდების სიმცირის გამო მინიტურნირის ფორმატი აქვს. ოთხი გუნდი ნახევარფინალში დაწყვილდა.
წინა ორი წლის მსგავსად, დადიანის მემორიალს წლეულსაც რუსთავი მასპინძლობს. „თელავმა“ დამაჯერებლად დაამარცხა „ახალციხე“, ხოლო კსუ-მ კიდევ უფრო იოლად სძლია „რუსთავს“.
ახალციხე 70:87 თელავი
პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს A ლიგიდან სუპერლიგაში აღზევებული „ახალციხე“ და ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „თელავი“ დაუპირისპირდნენ. შეხსენებისთვის, „თელავი“ ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა — გუნდის, რომელმაც დადიანის მემორიალის ბოლო ორი გათამაშება მოიგო, გასულ სეზონში კი კახეთში გადაბარგდა და სახელიც შეიცვალა. შეხვედრა „თელავის“ უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მისი გამარჯვებით, ანგარიშით 87:70 დასრულდა.
თელაველებს 25 ქულით გრეგორი მილტონმა ულიდერა (6-დან 4 სამქულიანი). ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ცაგარეიშვილმა — 11 ქულა და 9 მოხსნა (4 პასი). 15 ქულა მიითვალა რობერტ უეილმა, ხოლო გიორგი კობახიძემ 13 ქულა დააგროვა. დამარცხებულთა რიგებში საუკეთესო იყო ბექა ბექაური 21 ქულითა და 10 მოხსნით. 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ლუკა ზაქრაძეს, ხოლო რომან ჭინჭარაულმა 10 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

კსუ 96:66 რუსთავი
მეორე წყვილში ერთმანეთს კსუ და „რუსთავი“ შეხვდნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი წლეულს გამორჩეულად ამბიციურია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი ჩრდილოეთის ლიგაში ასპარეზობს.
კავკასიელებს, ცხადია, შიდა ასპარეზზე ყველაფრის მოგება აქვთ დაგეგმილი და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგეს – არცთუ სუსტი შემადგენლობის მყოლი „რუსთავი“ მისსავე მოედანზე 30 ქულით დაამარცხეს.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო სანდრო სანაძე, რომელმაც 21 ქულა და 4 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი ტურძილაძე — 10 ქულა და 10 მოხსნა. 16-16 ქულა დააგროვეს აკაკი დვალიშვილმა (7 მოხსნა) და ზაკარი რაითმა (5 მოხსნა).
ქვემოქართლელთა შემადგენლობაში 17 ქულით ელვინ მაილსი გახდა ბომბარდირი. 12 ქულა ჰქონდა ივანე მეგენეიშვილს, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 11 ქულა მოაგროვა.
ასე და ამგვარად, 22 სექტემბერს ორი მატჩია: 16:30 საათზე მესამე ადგილისთვის „რუსთავი“ და „ახალციხე“ შეხვდებიან, ხოლო ფინალში კსუ „თელავს“ 19:00 საათზე დაუპირისპირდება.