დუდა სანაძის სადებიუტო ქულები - ქართველები ლიგა ენდესაში
18:51, 21.10.2018
დუდა სანაძის დებიუტი ლიგა ენდესას ბინადარ „გიპუსკოა ბასკეტში“ წარუმატებელი აღმოჩნდა. სან სებასტიანის გუნდი გასვლაზე „ჟუვენტუტ ბადალონასთან“ 88:64 დამარცხდა.
დუდამ მოედანზე გატარებულ 16:59 წუთში 7 ქულა და 1 მოხსნა გამოიმუშავა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ბექა ბურჯანაძეს, რომელიც ტრავმირებულია. „გიპუსკოა“ ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია და ხუთი ტურია, რაც მოუგებლად ასპარეზობს.
წარმატებულ თამაშს აგრძელებს გიორგი შერმადინის „უნიკახა.“ ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში ქართველი ცენტრის გუნდმა სტუმრად „მენრესასთან“ 96:87 გაიმარჯვა. შერმადინმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 16:51 წუთში გუნდს 4 ქულა მოუტანა. ქულებთან ერთად მის ანგარიშზე 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. 4 გამარჯვებით და ერთი მარცხით „უნიკახა“ მესამე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 27 ოქტომბერს, მალაგელები საკუთარ მოედანზე „სარაგოსას“ მიიღებენ.
„ესტუდიანტესის“ წინააღმდეგ, „ტენერიფეს“ რიგებში, კარგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა – თად მაკფადენმა.
თუმცა ამან მის გუნდს ვერ უშველა და საშინაო შეხვედრაში 73:81 დამარცხდა. მაკფადენის ანგარიშზე 18 ქულა 4 მოხსნა და 3 პასი იყო. „ტენერიფე“ სამი მოგებით და ორი მარცხით, ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 ოქტომბერს, გასვლაზე – „მორაბანკ ანდორასთან“ გამართავს.