დუდა სანაძის 34 ქულა და ზედიზედ მეორე გამარჯვება ოვერტაიმში #1TVSPORT
დუდა სანაძემ კვიპროსში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა. ჩემპიონატის მეცხრე ტურში ქართველი მსროლელის „ანორთოსისმა“ „ახილეასს“ უმასპინძლა და მეტოქე ოვერტაიმში 83:79 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე ოვერტაიმში მოგებული მატჩია „ანორთოსისისთვის“ და ახლაც გადამწყვეტი სიტყვა დუდა სანაძემ თქვა.
ოვერტაიმში მასპინძლების მიერ ჩაგდებული 15 ქულიდან 10 სანაძის ანგარიშზე იყო. დუდამ თითქმის შეუცვლელად – 43:39 წუთი ითამაშა და 34 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.
სანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ფამაგუსტელებმა მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდეს, დუდას სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 36-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
სანაძეს კვიპროსის ჩემპიონატში საშუალოდ 26.6 ქულა, 4.8 პასი და 2.0 ჩაჭრა აქვს და ქულების მხრივ მხოლოდ „ეტა ენგომისის“ ლეგიონერ მალიკ ქარის (29.8) ჩამორჩება.
„ანორთოსისი“ მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს სწორედ ლიგის ამერიკელი ბომბარდირის გუნდთან („ეტა ენგომისი“) ჩაატარებს.