საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციისთვის 2-3 თვე დასჭირდება.
„ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას მივიღე, გამაყუჩებლებით ვთამაშობდი, – გვითხრა დუდამ, – ბოლო მატჩი, ავსტრალიასთან სწორედ ამ მიზეზით გამოვტოვე“.
საქართველოს ნაკრებმა მუნდიალზე გამოსვლა 3 სექტემბერს დაასრულა, რის შემდეგაც ყველა კალათბურთელმა კლუბებს მიაშურა. დუდა უნგრულ „ატომერომუში“ გაემგზავრა და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებასაც შეუდგა.
„მუხლი მაწუხებდა და იმედი მქონდა, რომ ვარჯიშსა და თამაშში ხელს არ შემიშლიდა, მაგრამ ტკივილმა კიდევ უფრო მოიმატა. საჭირო გახდა მცირე ოპერაცია, რისთვისაც საქართველოში ჩამოვედი.“
დუდა სანაძემ ოპერაცია გასულ კვირაში გაიკეთა და რეაბილიტაციას საქართველოს ნაკრების ექიმის, თემურ ხვედელიძესთან, კლინიკა „სპორტული მედიცინა და ბიოლოგიაში“ გადის.