დრონები, რეკორდული ბონუსები და დაჩქარებული საბრძოლო კურსები – ომი უკრაინაში, რომელიც რუსი ჯარისკაცებისთვის სულ უფრო მომაკვდინებელი ხდება
Iრუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კალინინგრადის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრის დროს. მოსკოვი, 2026 წლის 2 ივლისი
ოთხ წელზე მეტი ხნის წინათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ე.წ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, მისი დაწყებიდან მალევე, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ბოლო პერიოდში ბრძოლის ველზე დრონების გამოყენების უპრეცედენტო ზრდის მიუხედავად, ის, პირველ რიგში, მაინც ჯარისკაცებს შორის მიმდინარე ომად რჩება.
რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ გავრცელებული და ისტორიკოს პიტერ ფრანკოპანის მიერ ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებული ბოლო შეფასებების თანახმად, ფრონტის ხაზზე გადასროლილი ახალწვეული რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა, საბრძოლო პოზიციაზე მათი გაყვანის შემდეგ, სავარაუდოდ „20-დან 35 წუთამდე“ მერყეობს.
საწვრთნელ ბანაკში მისვლიდან ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვამდე კი, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 10 დღიდან სამ კვირამდეა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ციფრების დამოუკიდებლად გადამოწმება რთულია, ისინი ბრძოლების ინტენსივობასა და რუსეთის არმიის მიერ განცდილი დანაკარგების მასშტაბებზე მაინც ნათლად მეტყველებენ. ასეთი ვითარება ახალწვეულების უკიდურესად სწრაფად შერჩევისა და პირადი შემადგენლობის მუდმივი როტაციის პროცესს უკავშირდება.
2025 წლის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ერთწლიანი კონტრაქტით 420 000-ზე მეტი ახალი ჯარისკაცი აიყვანა, თუმცა სახელმწიფო მედიაც კი აღიარებს, რომ 2026 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდა.
სამხედრო ბლოგერების ცნობით, რომლებსაც ისტორიკოსი პიტერ ფრანკოპანი ეყრდნობა, რუსეთს ყოველდღიურად კვლავაც 800-დან 1000-მდე მოხალისე საკონტრაქტო ჯარისკაცი აჰყავს, რომელთაგან ბევრი, ფრონტის ხაზზე გაგზავნამდე, მხოლოდ რამდენიმეღიან საბრძოლო მომზადებას გადის.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოველთვიური დანაკარგების საშუალო რაოდენობა ამჟამად 30 000-ს აჭარბებს, ხოლო სხვადასხვა დასავლური წყაროს თანახმად, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ერთ მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცია დაღუპული ან დაჭრილი.
ამ რთულ ვითარებაში, მოსკოვი, ახალი მოხალისეების მოსაზიდად, ფართოდ იყენებს ფინანსურ სტიმულებს. სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, კონტრაქტის გაფორმებისთვის ერთჯერადი პრემია, შესაძლოა, 80 000 დოლარს აღწევდეს, ხოლო ჩამოწერილი ვალების ოდენობა – 140 000 დოლარს. არადა, ამ დროს, რუსეთში საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 1 000 დოლარია, ხოლო სოფლად, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს, – ხშირად ამაზე ნაკლებიც.
ამ პირობებში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სამხედრო კონტრაქტი მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღების თითქმის ერთადერთი შესაძლებლობაა, თუმცა ამის სანაცვლოდ მათ ბრძოლის ველზე უკიდურესად მაღალი რისკის გაწევა უწევთ.
დრონების ამ ომში უკრაინა რუსეთზე ექვსი თვით წინ არის
დრონები საკვანძო როლს თამაშობენ დანაკარგების ზრდაში, რომელსაც ორივე მხარე განიცდის. „როიტერისა“ და სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ანალიზის თანახმად, უკრაინული დრონები ომში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სამხედრო ინსტრუმენტად იქცა. სამიზნეების გასანადგურებლად, უკრაინა იყენებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ისეთ იარაღს, როგორიცაა რაკეტა „ჰორნეტი“.
ექსპერტების აზრით, რუსებმა ჯერ კიდევ ვერ მონახეს ამ ტიპის დრონების განეიტრალების გზა და ამას, სავარაუდოდ, კიდევ ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ. უკრაინა წელს 7 მილიონ ერთეულ ასეთ იარაღს აწარმოებს, მაშინ როდესაც გასულ წელს მხოლოდ 3 მილიონს ამზადებდა.
რაც შეეხება რუსეთს, კიევის ინფორმაციით, მოსკოვი წელს 7,3 მილიონი FPV- ის (first-person view) ტიპის დრონისა და 7,8 მილიონი საბრძოლო უპილოტო აპარატის წარმოებას გეგმავს.
უკრაინის ასეთი სტრატეგია განაპირობებს მოსკოვის ლოჯისტიკური შესაძლებლობების შემცირებას და ამავდროულად, ზრდის დანაკარგებს რუსულ არმიაში. ისტორიკოს პიტერ ფრანკოპანის მიერ მოყვანილი შეფასებების თანახმად, ფრონტის ხაზზე უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების დანაკარგების თანაფარდომა ამჟამად 1/8-ზეა.
მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის გაგრძელების მზაობა. სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში, რომელსაც „როიტერი“ ავრცელებს, მან გაიმეორა, რომ რუსეთის მიზანი კვლავაც უკრაინის ოთხი რეგიონის ხელში ჩაგდებაა და უარყო კიევის ახალი ინიციატივა, რომელიც, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით განხორციელებული დარტყმების შეწყვეტის გზით, ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას გულისხმობდა.
პუტინმა ეს წინადადება წარმოაჩინა, როგორც კიევის მცდელობა, შემცირდეს უკრაინის ძალებზე ზეწოლა 1250-კილომეტრიანი ფრონტის მთელ ხაზზე, და აღნიშნა, რომ მტრის ზურგში განხორციელებული რუსული დარტყმები „უფრო ძლიერი“ და „უფრო დამანგრეველია“, ვიდრე კიევის ანალოგიური თავდასხმები.
რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი სამხედრო სფეროს მოხმარდება
ამ ფონზე, უკრაინა აძლიერებს დარტყმებს რუსეთის ნავთობობიექტებზე, განსაკუთრებით მოსკოვთან მდებარე მძლავრ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც ივნისში დრონები ორჯერ დაესხნენ თავს და რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში მწყობრიდან იქნება გამოსული.
„როიტერის“ შეფასებით, ამ თავდასხმებმა რუსული ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე დღეში დაახლოებით 700 000 ბარელით შეამცირა, რამაც რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტში საწვავის დეფიციტი და მისი ნორმირებული გაცემა გამოიწვია. პუტინი იძულებული გახდა, საწვავის „გარკვეული დეფიციტი“ ეღიარებინა, თუმცა ამტკიცებდა, რომ „მდგომარეობაკრიტიკული არ არის“.
ამავდროულად, ომის ადამიანური და ეკონომიკური ფასი შიდა დაძაბულობას თავად რუსეთის შიგნითაც ამწვავებს. საერთაშორისო პრესის მიერ გავრცელებული რამდენიმე ანალიზის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი სამხედრო სფეროზეა გამოყოფილი. კრიტიკული ხმები ომის მხარდამჭერი წრეებიდანაც კი ისმის: რუსი ბლოგერი და ომის ვეტერანი, ალექსანდრ ლუნინი ზოგიერთ მეთაურს საკუთარი ჯარისკაცების წამებაში ადანაშაულებს და ამბოხის აჩრდილს აცოცხლებს. ის იქამდეც კი მივიდა, რომ ხელისუფლება გააფრთხილა: თუ მთავრობა კურსს არ შეცვლის, „არმია იარაღს კრემლისკენ მიაბრუნებს“.
თუმცა, პიტერ ფრანკოპანი რუსეთში, მოკლევადიან პერსპექტივაში, რევოლუციას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის სურვილი გაუჩნდეს: „მოერიდეთ მას, ვინც იხრჩობა: მომავალი თვეები, სავარაუდოდ, სახიფათო იქნება როგორც რუსეთის გარეთ, ისე მის შიგნით, რადაც პუტინი სასოწარკვეთილი ცდილობს წყლის ზედაპირზე ტივტივს“, – დაწერა მან.
მართალია, ციფრები მსჯელობის საგანია და მათ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ერთი სურათი მაინც ნათლად იკვეთება: უკრაინის ომი ხასიათდება ცეცხლის უპრეცედენტო ინტენსივობით, დრონების ფართო გამოყენებითა და მტრის ზურგში განხორციელებული ღრმა რეიდებით, აგრეთვე ადამიანური დანაკარგების ისეთი დონით, რომელიც ბოლოდროინდელი ევროპული კონფლიქტების მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს.
„ტექნოლოგიური ომის“ იმიჯმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ ამ კონფლიქტში, რომლის დასასრულიც ჯერ არ ჩანს, ფრონტის ხაზზე კვლავ იღუპება ათასობით ჯარისკაცი, რომელთა შორის ბევრი ძალიან ახალგაზრდაა.
სტატიის ავტორი: ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებელი (RTBF (Radio-télévisionbelgedelaCommunauté française)
ფოტოს ავტორები: გავრილ გრიგოროვი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ და რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 ივლისი 2026, 06:02 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)