დრამატული ქართული კლასიკო - „ტორპედომ“ „დინამოს“ ქულა ბოლო წამზე გამოგლიჯა

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა.

71-ე ქართული კლასიკო ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც გუშემატკივარს უყვარს: ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრის ბედი მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაირკვა.

ტრადიციულად, ქართულმა კლასიკომ დიდი ინტერესი გამოიწვია და ქუთაისელებმა ბოლო წლების რეკორდი გაიმეორეს – სტადიონზე 10 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. ქუთაისელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს: თავის გამოჩენა სამჯერ შეეძლო თორნიკე კაპანაძეს. მაგრამ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლა.

58-ე წუთზე თბილისელთა რიგებში შეცვლაზე მათე ვაწაძე გამოჩნდა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა: გამოცდილმა თავდამსხმელმა ორ წუთში მცველს ბურთი აართვა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. 78-ე წუთზე ვაწაძემ ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ ლევან ხარაბაძე გაიყვანა, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა და თბილისელების უპირატესობა გაზარდა – 0:2.

ერთი შეხედვით, მატჩის ბედი გარკვეული იყო, მაგრამ ქუთაისელებმა გაიბრძოლეს და მიზანს მაინც მიაღწიეს. 87-ე წუთზე მათე ცინცაძემ სხვაობა შეამცირა და ქუთაისელებს ქულის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ – 1:2. 90+2 წუთზე კი თორნიკე კაპანაძემ შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:2.

31 ტურის შემდეგ თბილისელებმა 63 ქულა დააგროვეს და ლიდერ „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს. „ტორპედომ“ კი წაუგებელი სერია 16 მატჩამდე გაზარდა და 56 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, რეალურად, საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა.

“ტორპედო”-“დინამო” 2:2

გოლი: 0:1 ვაწაძე (60), 0:2 ხარაბაძე (78), 1:2 ცინცაძე (87), 2:2 კაპანაძე (90+2)

4 ნოემბერი, ქუთაისი, სტადიონი „რამაზ შენგელია“

„ტორპედო“: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, გიგაური (79. ჰლინკა), ცინცაძე, დაფე (68. ლაჩნი), კუხიანიძე (58. დოლიძე), ქიმაძე, კაპანაძე

„დინამო“: სიკაჩი, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, კუცია (77. ივანიშვილი), ქოჩლაძე, ივანისენია, შულაია, ზივზივაძე (58. ვაწაძე), შენგელია (85. ერგემლიძე)

გაფრთხილებები: რუხაია (35), შენგელია (67), ვაწაძე (89)