ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) არ გაათავისუფლებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დორივალ ჟუნიორს იმის მიუხედავად, რომ გუნდმა კოპა ამერიკის ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო.
ბრაზილიამ ტურნირის მეოთხედფინალში ურუგვაისთან პენალტების სერიაში წააგო. როგორც კონფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა განაცხადა, 74 წლის სპეციალისტი გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ გუნდში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.
„ორი თვის შემდეგ გველოდება შესარჩევი მატჩები და გეგმა სწორედ ასეთია: გავაგრძელოთ მუშაობა დორივალთან ერთად, გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენ გვაქვს მატჩები სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და მწვრთნელმა შესანიშნავად იცის, რა უნდა გააკეთოს.
დორივალი კარგად აცნობიერებს, რა გაკეთდა არასწორად და ზუსტად ასეთ მომენტებში იქმნება კონკურენტუნარიანი გუნდი, გამარჯვებული გუნდი. ამაში მდგომარეობს პროექტი, რადგან ყოველ ჯერზე ცვლილების შემთხვევაში ახალი სამუშაო იწყება, ეს კი ყოველთვის რთულია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს დასაწყისი იყო, რომელმაც მას დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა“, – მოჰყავს როდრიგესის სიტყვები ESPN-ს.