დორინ რეჩანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, 2024 წლის მარტამდე გადადოს

01:03, 08.12.2023

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, გადადოს გადაწყვეტილება მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, კიშინეუსთან მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მარტისთვის გადადოს.

„თუ ეს არ მოხდება დეკემბერში, ეს მოხდება მარტში; თუ არ მოხდება მარტში, ეს მაინც მოხდება. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროპის მშენებლობა სახლში“,- განაცხადა რეჩანმა.

რეჩანს ასევე ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მოლდოვას მიეღო მწვანე შუქი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინას კი ვერ მიეღო, რაზეც მოლდოვის პრემიერმა უპასუხა: „ჩვენი პოზიცია ასეთია – ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებების გახსნის პროცესში“.

როგორც მედია წერს, საბოლოო გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ლიდერებმა 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღონ.

მსგავსი