დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, ცხრა კი დაიჭრა
დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, ცხრა კი დაიჭრა

დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, ცხრა კი დაიჭრა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, სამი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების კი – დამაკმაყოფილებელი.

სულ 11 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 14 დარღვევა დააფიქსირეს.

უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღი, მათ შორის, სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო სისტემები, სხვადასხვა ტიპის ყუმბარმტყორცნები, მსხვილკალბრიანი ტყვიამფრქვევები. შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროების მხრიდან მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.