დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო და პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის სიტუაციის ნორმალიზებისთვის შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა
ორი დღის წინ ვროცლავში უკრაინელ წყვილზე სასტიკი თავდასხმის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა დაგმო.
როგორც პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყანაში ძალადობის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის სიტუაციის ნორმალიზებისთვის შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ტუსკმა საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო პოლონელების სოლიდარობით მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ლტოლვილების მიმართ.
„ეს ყველაფერი ახლა ინგრევა, თუ ჩვენ უფლებას ვაძლევთ ბანდიტებს, ხულიგნებსა და ჩვეულებრივ დამნაშავეებს, სცემონ და დაამცირონ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ოდნავ განსხვავებული აქცენტი აქვთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს თავს დაესხნენ. როგორც ირკვევა, თავდასხმის სავარაუდო მიზეზი მათი „აქცენტი“ გახდა. ინციდენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მომხდარს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.