დონალდ ტუსკი - ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი არ არსებობს, მე ვფიქრობ, რომ ეს ომია, განსხვავებული პოზიცია ნორმალური საუბრის წარმოებაში ხელს არ გვიშლიდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩასვლისას უკრაინაში ომთან დაკავშირებით უნგრელი კოლეგის, ვიქტორ ორბანის განსხვავებულ პოზიციაზე ისაუბრა.
დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის რადიკალურად განსხვავებულმა პოზიციამ, კოლეგებს შორის კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, ამას „ნორმალურ კომუნიკაციაში“ ხელი არასდროს შეუშლია.
„ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ომი არ არსებობს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ომია. თუმცა, რეალური კითხვა არა იმაში მდგომარეობს, არის თუ არა ომი, არამედ იმაში, ვინ ვის მხარესაა ამ ომში. ნათელია, ვის მხარესაა პოლონეთი, ვის მხარეს არიან ნატო და ევროპა. და, სამწუხაროდ, ასევე ნათელია, ვის მხარესაა ვიქტორ ორბანი. ეს ნორმალური საუბრის წარმოებაში ხელს არ გვიშლიდა. ვცდილობ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ცივილიზებულად ვისაუბრო და ვიცი, როგორ ვაკონტროლო საკუთარი ემოციები“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, დონალდ ტუსკმა ქვეყნებს მოუწოდა, აღიარონ, რომ უკრაინის ომი – ევროპის ომია. საპასუხოდ კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ დონალდ ტუსკი ევროპელების ომში ჩათრევას ცდილობდა.