დონალდ ტუსკი - ვფიქრობთ, ბრიუსელიდან სოლიდარობის იმედი უნდა გქონდეთ, მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც
დონალდ ტუსკი - ვფიქრობთ, ბრიუსელიდან სოლიდარობის იმედი უნდა გქონდეთ, მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მოსაზრებით, საქართველოში 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებასა და მის პროგრესს.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტუსკმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ მიესალმება მიმდინარე პროცესებს, როცა გათვალისწინებულია და იმ ხარვეზების გამოსწორება ხდება, რომელიც წინა არჩევნების დროს იყო დაფიქსირებული, ასევე გაცილებით უფრო მეტი ყურადღება ადამიანების დაცვის მიმართულებით.

„მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრული პროპორციული სისტემის მიხედვით ჩაატაროს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებასა და მის პროგრესს.

იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობების გაღრმავებაზე ყველა თავდადებით იმუშავებს.

ბათუმის კონფერენციაზე საქართველოს ერთიანობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელიდან სოლიდარობის იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დატოვე კომენტარი