დონალდ ტუსკი - უკრაინას ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეს
დონალდ ტუსკი - უკრაინას ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეს

უკრაინას ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ნება მიბოძეთ, გავიმეორო, რაც ვთქვი თებერვალში რადაში – ვერ იქნება სამართლიანი ევროპა დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე. ვერ იქნება უსაფრთხო ევროპა უსაფრთხო უკრაინის გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ვერ იქნება ევროპა უკრაინის გარეშე, ბატონო პრეზიდენტო. უკრაინას შეუძლია, როგორც ყოველთვის, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი. ჩვენ ვართ და დავრჩებით თქვენი საუკეთესო მეგობარი და სანდო მოკავშირე“, – მიმართა დონალდ ტუსკმა ზელენსკის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი თავისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით ევროკავშირისა და ნატო-ს შტაბბინებს ეწვია, მნიშვნელოვანი სიგნალია. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველთვის მზად იქნება, დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკონომიკის სტაბილიზაციაში და ენერგეტიკის სექტორში რეფორმების ჩატარებაში.

„ძლიერი და დემოკრატიული უკრაინა ევროკავშირის ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მთლიანობის მხარდაჭერას. მან ასევე რუსეთს დაკავებული უკრაინელების, მათ შორის 24 მეზღვაურის, გათავისუფლებისკენ მოუწოდა.