დონალდ ტუსკი – პოლონეთი შიშობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სამიზნედ უკრაინასთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები აირჩიოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ღამით პოლონეთმა უკრაინასთან ერთ-ერთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე არსებული პირდაპირი საფრთხე აღკვეთა. ტუსკის განცხადებით, საფრთხის აღკვეთა პოლონეთისა და უკრაინის შესაბამის სამსახურებს შორის თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო გამშვები პუნქტების დაბომბვის ფონზე პოლონეთი საკუთარი სასაზღვრო პუნქტების წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმასაც ელოდება.
როგორც ტუსკმა სლოვაკეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უკვე განახორციელა პროვოკაციული თავდასხმები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის მოლდოვაში.
„ჩვენ ველოდებით მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთში, უკრაინასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო პუნქტების წინააღმდეგ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში შესაძლო მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) საკმაოდ ზუსტი ანგარიში მიიღო. მისი თქმით, ანგარიში ემთხვევა იმ შეფასებებს, რომლებზეც ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა და საზოგადოებას აფრთხილებდა.
„ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. პოლონეთიც და მთელი ევროპაც მზად უნდა იყოს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტისთვის – არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, არამედ ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზეც“, – განაცხადა ტუსკმა.