დონალდ ტუსკი – მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება, არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციების შესაძლებლობა ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დონალდ ტუსკმა დაწერა.
დონალდ ტუსკის განცხადებით, მარკ რუტემ მას რეგიონში არსებული ვითარებისა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საკუთარი შეფასებები გაუზიარა.
ტუსკის თქმით, მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება, პოლონეთი და ნატო სხვადასხვა სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად.
„მარკ რუტემ ახლახან გამიზიარა თავისი შეფასებები რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინა-რუსეთის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, რუსეთის მხრიდან ესკალაცია გრძელდება. უკრაინას საჰაერო მიმართულებით უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ეს მთელი ევროპის ამოცანაა. მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება და ჩვენ, როგორც პოლონეთი და ნატო, სხვადასხვა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციების შესაძლებლობა ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ“, – წერს ტუსკი.