დონალდ ტუსკი - მინდა, დავამშვიდო ყველა, ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარშავას არაფერს დააკისრებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარშავას არაფერს დააკისრებს.
პოლონური მედიის თანახმად, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს თემა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოებაში არამხოლოდ პოლონეთში.
„მინდა, დავამშვიდო ყველა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვდგავართ ასეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ამა თუ იმ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ინტერპრეტაცია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პოლონეთის პოზიცია ევროპაში ძლიერი დარჩეს. ეს ასევე ნიშნავს სასამართლოების პატივისცემას, მაგრამ ამავე დროს, სადაც საკითხები უნდა გადაწყდეს ეროვნული სახელმწიფოსა და ეროვნული კანონმდებლობის მიერ, ჩვენ დავიცავთ ამ პრინციპს. საქმე იმაში არ არის, რომ ევროკავშირს შეუძლია, ამ საკითხში რამე დაგვაკისროს. როგორც იცით, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საკუთარ საკანონმდებლო დებულებებზე, რომლებიც ამას ისე დაარეგულირებს, როგორც პოლონელების უმრავლესობა, საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
25 ნოემბერს ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფო ვალდებულია, აღიაროს ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება, თუ ის კანონიერად გაფორმდა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში. ეს ასევე ეხება იმ ქვეყნებს, სადაც ასეთი კავშირები არ არსებობს ეროვნული კანონმდებლობით. პოლონური მედია წერს, რომ გადაწყვეტილება არ მოითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანას და მხოლოდ მოითხოვს ადრე დადებული კავშირის სამართლებრივი შედეგების პატივისცემას.