დონალდ ტუსკი - მიგრაციულ კრიზისზე ერთმანეთის დადანაშაულება უნდა შეწყდეს
დონალდ ტუსკი - მიგრაციულ კრიზისზე ერთმანეთის დადანაშაულება უნდა შეწყდეს

ევროკავშირში მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ერთმანეთის დადანაშაულება უნდა შეწყდეს და აქცენტი პრობლემის ძირეულ აღმოფხვრაზე გაკეთდეს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ზალცბურგში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

დონალდ ტუსკის განმარტებით, პრობლემის ძირეულ აღმოფხვრაში აფრიკულ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ევროკავშირის საზღვრებზე დაცვის გაძლიერება იქნება საჭირო.

„არსებული ვითარებიდან პირადი პოლიტიკური სარგებლის მიღების ნაცვლად, ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რა ხერხით შევძლებთ პრობლემის მოგვარებას. აღარ შეიძლება დაყოფილები ვიყოთ ორად. იმ ქვეყნებად, რომლებიც არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრას ცდილობენ და ვინც არსებულ ვითარებას პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ლიდერები გაერთიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, მიგრაციულ კრიზისს განიხილავენ.

ევროკავშირის საზღვრები 2015 წლის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გავლით, მილიონობით არალეგალმა გადალახა. აღნიშნულმა გამოწვევამ ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. პრობლემამ წევრი სახელმწიფოების ლიბერალ-დემოკრატიულ და მიგრანტების წინააღმდეგ განწყობილ პარტიებს შორის დაპირისპირება გაამწვავა.
შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები გაერთიანების საზღვრებზე დაცვის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.