დონალდ ტუსკი – მეხსიერება არ შეიძლება, სიძულვილის იარაღად გამოიყენონ, აუციელებელია სიმართლეზე, მეხსიერებასა და იმედზე დაფუძნებული სოლიდარობის შენარჩუნება

19:41, 11.07.2026

მეხსიერება არ შეიძლება, სიძულვილის იარაღად გამოიყენონ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუციელებელია სიმართლეზე, მეხსიერებასა და იმედზე დაფუძნებული სოლიდარობის შენარჩუნება.

ტუსკმა ასევე ხაზი გაუსვა ვოლინის ტრაგედიის ყველა მსხვერპლის სახელის დადგენის და ასევე პასუხისმგებლების იდენტიფიცირების აუცილებლობას.

„გარდაცვლილები არ შეიძლება, უსახელოდ დარჩნენ და ისინი სათანადოდ დაკრძალვის გარეშე არ უნდა დარჩნენ. მათი ხსოვნა ჩვენი საერთო მოვალეობაა მათი საყვარელი ადამიანების, პოლონელი ერისა და სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეხსიერება არ შეიძლება, იყოს სიძულვილის იარაღი და ნაციონალიზმის პასუხი არ შეიძლება, იყოს კიდევ უფრო დიდი ნაციონალიზმი.

„მეხსიერება და სიმართლე უნდა დაგვეხმაროს უკეთესი მომავლის აშენებაში, რომელიც თავისუფალი იქნება სიძულვილისა და ზიზღისგან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შერიგება ევროპაში შესაძლებელი გახდა სიმართლისა და ყველაფრის ნამდვილობის აღიარების უნარის წყალობით. ყველა, ვისაც სურს ამ თანამეგობრობაში გაწევრიანება, მზად უნდა იყოს ამ სიმართლისთვის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, ვოლინის ტრაგედიის გამო ბოლო პერიოდში პოლონელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო. კაროლ ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდება მიენიჭოს.

83 წლის წინ პოლონელებით დასახლებულ ქალაქ ვოლინში და სხვა დასახლებებში უკრაინის აჯანყებულთა არმიის ქმედებებს ოფიციალური ვარშავა გენოციდად აფასებს და შესაბამისი აქტი საპარლამენტო დონეზეც აქვს მიღებული.

მსგავსი