დონალდ ტუსკი – ისინი, ვინც ომში უკრაინას ადანაშაულებენ, პუტინს ძვირფას საჩუქარს ჩუქნიან

14:15, 12.10.2026

ისინი, ვინც ომში უკრაინას ადანაშაულებენ, პუტინს ძვირფას საჩუქარს ჩუქნიან… ჩვენ, პოლონეთში, კარგად გვახსოვს, როგორ ცდილობდა ნაცისტური პროპაგანდა ევროპისა და მსოფლიოს დარწმუნებას, რომ პოლონეთი იყო პასუხისმგებელი გერმანიის აგრესიაზე, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის გახსნისას ტუსკმა სინანული გამოთქვა, რომ საჭიროა აშკარა სიმართლის კიდევ ერთხელ გამეორება, რადგან სულ უფრო ხმამაღალი ხდება ხმები, რომლებიც რუსეთს ომში გარკვეული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ.

„პოლონეთში და მთლიანად დასავლეთში არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმის შესახებ, რომ რაც ხდება უკრაინაში, ეს არის დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის. არავინ და არაფერი არ ათავისუფლებს რუსეთს ომში 100%-ით პასუხისმგებლობისგან. ყველა, ვინც ვარაუდობს, რომ უკრაინაა პასუხისმგებელი ომში, აგრესორ პუტინს ძვირფას საჩუქარს ჩუქნის“, – აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პროპაგანდა ანალოგიურად ცდილობდა ხალხის დარწმუნებას, რომ პოლონეთი იყო დამნაშავე მის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში.

„ჩვენ, პოლონეთში, კარგად გვახსოვს, როგორ ცდილობდა ნაცისტური პროპაგანდა ევროპისა და მსოფლიოს დარწმუნებას, რომ პოლონეთი იყო პასუხისმგებელი გერმანიის აგრესიაზე. დღეს იგივე გვესმის მოსკოვისგან და, სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ზოგიერთი დედაქალაქიდან“, – აღნიშნა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ყველა დასავლური ქვეყანა უფრო გადამწყვეტი უნდა იყოს რუსეთის შეკავების საკითხში.

„ეს არის მომენტი, როდესაც მთელმა დასავლეთმა – ევროპამ, აშშ-მა – უნდა აჩვენოს რუსეთს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ მზადაა, გაატაროს რუსეთის შეკავების აქტიური პოლიტიკა კიდევ უფრო გადამწყვეტი საშუალებებით. სწორედ ამიტომ მივდივარ ბრიუსელში, რათა დავარწმუნო ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორი, სერიოზულად განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა“, – განაცხადა მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

მსგავსი