დონალდ ტუსკი - ევროკავშირი თურქეთისგან კვიპროსის უფლებების დაცვას მოელის
ევროკავშირი თურქეთისგან კვიპროსის უფლებების დაცვას მოელის და ყურადღებით დააკვირდება კვიპროსის შელფზე ბურღვის პროცესს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„კვიპროსის პრეზიდენტმა ინფორმაცია მოგვაწოდა ბურღვით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც თურქეთი კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ახორციელებს. ევროკავშირი მხარს უჭერს კვიპროსს და იმედოვნებს, რომ თურქეთი ევროკავშირის ქვეყნის სუვერენულ უფლებებს დაიცავს. ევროპული საბჭოს განაგრძობს მოვლენათა განვითარებისთვის თვალყურის დევნებას“, – ამის შესახებ დონალდ ტუსკმა რუმინეთში ევროკავშირის არაფორმალურ სამიტის შემდეგ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი აირის მარაგებია აღმოჩენილი. თურქეთი კი მიიჩნევს, რომ ბუნებრივ წიაღისეულზე უფლება თავადაც გააჩნია.