დონალდ ტუსკი - ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა ყველაზე მეტად სავარაუდოა
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა ახლა ყველაზე მეტად სავარაუდოა, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ევროკავშირის სამიტზე ლიდერებისადმი გაგზავნილ მოსაწვევში დაწერა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამიტზე ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეიც მიიწვია. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად.
„იმ ფაქტმა, რომ ჩვენ ვემზადებით შეთანხმების გარეშე სცენარისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვაჩეროს იმისგან, რომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა მხარისთვის საუკეთესო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ“, – წერს დონალდ ტუსკი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, 17 ოქტომბერს ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე ევროკავშირის ლიდერებს ბრექსიტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს, რის შემდეგაც ევროკავშირის 27 წევრი გადაწყვეტს, თუ როგორ გააგრძელონ მოლაპარაკებები.
„შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ჩვენ იმედიანად ვრჩებით და მზად ვართ, მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.