დონალდ ტუსკი - არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო
დონალდ ტუსკი - არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო

საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება ცხინვალში, კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო, – აღნიშნული განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მარგველაშვილთან შეხვედრაზე, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ბოლომდე საქართველოს ერთგული რჩება როგორც კონფლიქტის გადაჭრის, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.

„შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ევროკავშირი ბოლომდე რჩება საქართველოს ერთგული, როგორც კონფლიქტის გადაჭრის მხარდაჭერაში, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეწუხებული ვართ მცოცავი ანექსიის მცდელობებით საქართველოს ორ მოწყვეტილ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი შეფასებით, ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.