დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა სეიმში 11 ივნისს გაიმართება
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა სეიმში 11 ივნისს გაიმართება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა სეიმში 11 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნდობის საკითხზე ეს კენჭისყრა არ არის მცდელობა, გავაგრძელოთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რადგან წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაღაცების გაკეთება უკეთ შეიძლება. ეს კენჭისყრა უნდა იყოს ახალი დასაწყისი. ის იქნება შეტევითი და არა – თავდაცვითი. ადამიანები ამაზე სხვადასხვა კომენტარს გააკეთებენ, თუმცა მინდა, იცოდეთ, რომ მთელი კოალიციისთვის ეს იქნება ახალი იმპულსის დღე. დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანას შევასრულებთ“, – განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი დამარცხდა. კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს, ხმათა 50.9 პროცენტი აიღო. მან მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა, რომელმაც 49.1 პროცენტი მიიღო.