დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადების პოზიტიურად შეფასების მიღმა აშშ-ის ჩართულობის შემცირება და ომის დასრულების პასუხისმგებლობის ევროპისთვის გადაბარება იმალება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ომში უკრაინის შანსებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება ადამიანების უმეტესობამ არასწორად გაიგო, – ამის შესახებ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტუსკი ყველას ტრამპის განცხადების უფრო დეტალურად გაანალიზებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი აქვს.
დონალდ ტუსკი თვლის, რომ ბევრმა ადამიანმა ტრამპის მოსაზრება ზედმეტად დადებითად მიიღო და მის „სტრიქონებს შორის უსიამოვნო სიმართლე ვერ დაინახა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით, მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება შეუძლია. ამ გასაკვირი ოპტიმიზმის უკან აშშ-ის ჩართულობის შემცირების შესახებ დაპირება და ომის დასრულების პასუხისმგებლობის ევროპისთვის გადაბარება იმალება. სჯობს სიმართლე, ვიდრე ილუზია“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნიუ იოკრში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვფიქრობ, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით, ვინ იცის, შესაძლოა, ამაზე უფრო შორსაც წავიდეს“.