დონალდ ტუსკი - 2026 წელი ძლიერი დარტყმით იწყება, ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმა გავლენას ახდენს მსოფლიოზე, თავი ამ ახალ სიტუაციას უნდა შევაგუოთ
დონალდ ტუსკი - 2026 წელი ძლიერი დარტყმით იწყება, ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმა გავლენას ახდენს მსოფლიოზე, თავი ამ ახალ სიტუაციას უნდა შევაგუოთ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, 2026 წელი ძლიერი დარტყმით იწყება.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დარტყმები მსოფლიოზე ახდენენ გავლენას.

„გლობალური მასშტაბით, ჩვენ გვაქვს ამერიკული ძალების თავდასხმა ვენესუელაზე, კარაკასზე, ამიტომ 2026 წელი მართლაც ძლიერი დარტყმით იწყება. ჯერ კიდევ იქნება დრო იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. დღევანდელ დროში ასეთი მასშტაბური მოვლენები, როგორიცაა ამერიკული ძალების დღევანდელი თავდასხმები, გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და თავი ამ ახალ სიტუაციას შევაგუოთ“, – აცხადებს დონალდ ტუსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.