დონალდ ტუსკი - 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ტერიტორიული მთლიანობის დაპირებები აშშ-ისგან, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოსგან ბუდაპეშტში, ამჯერად სხვა ადგილის მოძებნას ვეცდებოდი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მხარს არ უჭერს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ბუდაპეშტში გამართვის იდეას, რადგან 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ბუდაპეშტში ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის დაპირებები. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ბუდაპეშტი? შესაძლოა, ყველას არ ახსოვდეს, თუმცა 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ტერიტორიული მთლიანობის დაპირებები შეერთებული შტატებისგან, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოსგან ბუდაპეშტში. შეიძლება, ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ამჯერად ვეცდებოდი სხვა ადგილის მოძებნას“, – წერს დონალდ ტუსკი.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობით, ბუდაპეშტი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხევდრის პოტენციურ ადგილად განიხილება. როგორც სააგენტო „როიტერს“ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, უნგრეთში ჩატარდეს.
1994 წელს უკრაინის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ეხებოდა, უკრიანის მხრიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ.