დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბრის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ-ქაიდას“, ქურთისტანის მუშათა პარტიისა და ირანის მხრიდან დაფინანსებული ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ორივე ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას, გააუმჯობესოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და თურქეთს შორის რეგიონული სტაბილურობისა და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით კი, სატელეფონო საუბრის ფარგლებში ლიდერებმა სირიის აფრინში თურქი სამხედროების ოპერაცია განიხილეს.

„ჩვენმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს განუმარტა, რომ ამ ოპერაციის მიზანი თურქეთის უსაფრთხოების დაცვა და აფრინის ტერორისტებისგან გაწმენდაა. მან მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, შეწყვიტოს ქურთისტანის მუშათა პარტიისთვის სამხედრო მხარდაჭერა“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ.
დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში.

ამავე თემაზე თეთრი სახლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა აფრინში მზარდი ძალადობის გამო.