დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის მისამართით „ტვიტერის“ საშუალებით გაკეთებული მუქარის შემდეგ, დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს სირიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თურქეთის პრობლემების მოსაგვარებლად ანკარასთან ითანამშრომლოს, თუმცა ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ქურთების ცუდად არ მოეპყროს.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის სირიაში მიმდინარე თანამშრომლობა აშშ-ის ძალების გაყვანის დაწყების ფონზე.

„პრეზიდენტმა გამოთქვა ერთად მუშაობის სურვილი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თურქეთის პრობლემების მოსაგვარებლად და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ცუდად არ მოეპყროს ქურთებსა და სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომლებთანაც ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად ვიბრძვით“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

სარა სანდერსის განცხადებით, ხვალ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები აშშ-ის გენშტაბის უფროსსა და მის თურქ კოლეგას შორის გაგრძელდება.

თავის მხრივ, თურქეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს სირიის სასაზღვრო ქალაქ მანბიჯისთან დაკავშირებით საგზაო რუკის განხორციელებაზე.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აშშ ეკონომიკურად გაანადგურებს თურქეთს, თუ ის ქურთებზე თავდასხმას განახორციელებს.