დონალდ ტრამპს სასამართლომ „ტვიტერში“ მომხმარებლების დაბლოკვა აუკრძალა
მანჰეტენის საოლქო სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მომხმარებლების დაბლოკვა აუკრძალა. როგორც BBC-ი წერს, მანჰეტენის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ნაომი რაის ბუჰვალდმა მიიჩნია, რომ მომხმარებლების დაბლოკვა სიტყვის თავისუფლების უფლებას ზღუდავს.
მოსამართლემ დაადგინა, რომ სოციალური ქსელის პირადი გვერდის „შავ სიაში“ მომხმარებლების დამატების მიზეზი არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური შეხედულებები.
დონალდ ტრამპისა და თეთრი სახლის თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში დაბლოკილმა შვიდმა პირმა შეიტანა. თეთრ სახლს მანჰეტენის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ტვიტერში“ 52 მილიონი გამომწერი ჰყავს. დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის ნაცვლად, პირად გვერდს იყენებს მაშინაც, როდესაც საქმე ეხება ოფიციალურ განცხადებებს. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია.