დონალდ ტრამპს აშშ-ში არჩევნებში მონაწილეობის წესების გამკაცრება სურს - „კანონმდებლობის ხარვეზებით არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხო ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ“
დონალდ ტრამპს აშშ-ში არჩევნებში მონაწილეობის წესების გამკაცრება სურს - „კანონმდებლობის ხარვეზებით არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხო ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა მოქალაქეობის კონტროლი გამკაცრდება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში ჩარევა აეკრძალებათ.

ტრამპმა რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს დაავალა ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ფოსტით ხმის მიცემისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცესის კონტროლის გამკაცრება. ამავე განკარგულებით გამკაცრდება წესები, რომლითაც ამომრჩეველთა მოქალაქეობას ამოწმებენ და ასევე, დამატებითი ზომები იქნება მიღებული არჩევნების შესაძლო გაყალბების საწინააღმდეგოდ.

ტრამპის განკარგულებაში ასევე საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რომლითაც, თეთრი სახლის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხო ქვეყნების მოქალაქეების სარგებლობენ და, რომელთა აღმოფხვრასაც ისახავს მიზნად პრეზიდენტის ინიციატივა.

„ფედერალური კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას ფედერალურ, შტატის ან ადგილობრივ არჩევნებში რაიმე შენატანების ან ხარჯების გაღებით, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისარგებლეს კანონის ინტერპრეტაციაში არსებული ხვრელებით, მილიონობით დოლარის დახარჯვით, შუამავალი შენატანებისა და საარჩევნო ინიციატივებთან დაკავშირებული ხარჯების გზით. ჩვენს საარჩევნო პროცესში ამ ტიპის უცხოური ჩარევა ძირს უთხრის საარჩევნო კანონმდებლობას და ამერიკელი მოქალაქეების უფლებას მართონ თავიანთი რესპუბლიკა“,- ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში.

ამასთან, როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტს არ შეუძლია, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აიძულოს ცალკეული შტატების ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, ამიტომ ტრამპი ფინანსური ზეწოლის განხორციელებას აპირებს. დოკუმენტის მიხედვით, შტატები, რომლებიც არ მიიღებენ ზომებს არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფედერალური დაფინანსების გარეშე დარჩებიან.

თავის მხრივ, უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ტრამპის ახალი განკარგულება მიზნად ისახავს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას.

აღსანიშნავია, რომ სანდო საარჩევნო სისტემის მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანია დაასახელა, სადაც, აშშ-ისგან განსხვავებით, ხმის მიცემა ქაღალდის ბიულეტენებით ხდება.

ცნობისთვის, ტრამპი ამ დრომდე არ აღიარებს 2020 წლის არჩევნებში მარცხს. ტრამპის განცხადებები აშშ-ში არჩევნების გაყალბების შესახებ 2021 წელს მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის მიზეზი გახდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისარგებლეს კანონის ინტერპრეტაციაში არსებული ხვრელებით, მილიონობით დოლარის დახარჯვით, შუამავალი შენატანებისა და საარჩევნო ინიციატივებთან დაკავშირებული ხარჯების გზით