დონალდ ტრამპმა თანაპარტიელი მიტჩ მაკკონელი გააკრიტიკა
დონალდ ტრამპმა თანაპარტიელი მიტჩ მაკკონელი გააკრიტიკა

ფოქსნიუსის“ ცნობით, დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია სენატში იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც „რესპუბლიკელმა“ მაკკონელიმ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის წაქეზებაში მორალური პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისრა.

საპასუხოდ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ „თუ „რესპუბლიკელები“ მაკკონელის ერთგულები დარჩებიან, მაშინ პარტია არასდროს შეძლებს გამარჯვებას, ვერ დაიმსახურებს პატივისცემას და ძლიერ პოზიციებს ვერ დაიბრუნებს.“

ტრამპის თქმით, მაკკონელს არ აქვს „პოლიტიკური გამჭრიახობა, სიბრძნე და უნარი აკლია“, რის გამოც ტრამპის აზრით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ნოემბრის არჩევნებში სენატში უმრავლესობა დაკარგა.

ამასთან, ტრამპი აცხადებს, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს იმ კანდიდატებს დაუჭერს, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველი წრეების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

ეს პირველი ვრცელი განცხადება იყო, რომელიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო, შესაბამისად მისი იმპიჩმენტის მეორე მცდელობაც არ შედგა. ტრამპის იმპიჩმენტს მხარი 43 „რესპუბლიკელმა“ არ დაუჭირა. მათ შორის იყო სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერი მიჩ მაკკონელიც, თუმცა კენჭისყრის შემდეგ მაკკნოლიმ თქვა, რომ ტრამპი „პრაქტიკულად და მორალურად პასუხისმგებელია კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ის არ უჭერს მხარს ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რადგან ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან ტრამპი პრეზიდენტი აღარ არის.“

იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც განაცხადა, რომ „მისი მოძრაობა ახლა იწყება და ის სამომავლო გეგმებს მხარდამჭერებს უახლოეს თვეებში გააცნობს“.