დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა – მოდით, ჩავკიდოთ ხელი, მხარდამხარ ვიაროთ წინ, გავუფრთხილდეთ მეგობრობის ლამაზ ყვავილებს და ურთიერთობებში ახალი თავი დავწეროთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს თეთრ სახლში სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლა, ლიდერებმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ახალი ეტაპის შესახებ ისაუბრეს.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედონ როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფოებმა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ სტაბილურობაზე დაფუძნებული კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ.
„მიმდინარე წლის მაისში, ჩემი მოწვევით, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთში წარმატებული ვიზიტი განახორციელა. მაშინ შევთანხმდით, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ სტაბილურობაზე დაფუძნებული კონსტრუქციული ურთიერთობები უნდა ავაშენოთ. პრეზიდენტმა ტრამპმა მიმიწვია შეერთებულ შტატებში და მეც, როგორც დაგპირდით, ჩამოვედი. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა სახელმწიფო ვიზიტები გაცვალეს, რაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისტორიული მოვლენაა. დღეს პრეზიდენტ ტრამპთან გულწრფელი და სიღრმისეული მოლაპარაკებები გავმართე. არაერთ საკითხზე საერთო გაგებას მივაღწიეთ. ამან ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ სტაბილურობაზე დაფუძნებულ კონსტრუქციულ ურთიერთობებს ახალი შინაარსი შესძინა და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ახალი სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრა. დღეს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები კიდევ ერთ ისტორიულ ეტაპზეა. პრეზიდენტმა ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკას კვლავ დიდებულ ქვეყანად აქცევს და ამერიკელ ხალხს მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევაში დაეხმარება. ჩინეთი კი ეროვნული აღორძინების მიღწევისკენ ისწრაფვის. ეს ორი მიზანი ამბიციურია, თუმცა მათი მიღწევა ერთმანეთისთვის წინააღმდეგობას არ წარმოადგენს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელიანმა დიდმა სახელმწიფოებმა, უნდა გავამართლოთ ჩვენი ხალხების მოლოდინი, ფეხი ავუწყოთ ჩვენი დროის ტენდენციებს და ვიპოვოთ ახალი მიდგომები, რათა დიდმა სახელმწიფოებმა ერთმანეთთან მშვიდობიანად და თანამშრომლობით ურთიერთობა შეძლონ“, – განაცხადა სი ძინპინმა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი.
„არასდროს გვქონია ერთმანეთთან ასეთი კარგი ურთიერთობა“,
ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს ამერიკის ეროვნული სიმბოლოს, თეთრთავა არწივის ქანდაკებაც გადასცა.
მისი თქმით, ქანდაკება „ამერიკის თავისუფალ სულს“ განასახიერებს. პრეზიდენტის განცხადებით, ქანდაკების დიზაინის შექმნაში ის და პირველი ლედი მელანია ტრამპი მონაწილეობდნენ.
„მოდით, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ერთად, მხარდამხარ ვიაროთ წინ. ერთად გავუფრთხილდეთ ჩინეთ-აშშ-ის მეგობრობის ლამაზ ყვავილებს და ერთად დავწეროთ ახალი თავი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სახელმწიფო ვახშამს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად მსხვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი, Google-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.
ვახშამზე ასევე იმყოფებოდნენ ტრამპის კაბინეტის წევრები, მათ შორის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ასევე პრეზიდენტის შვილები – ივანკა, ერიკი და ტიფანი ტრამპები.