დონალდ ტრამპმა სამხედრო ცერემონიის დროს ავღანეთში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად იმღერა [ვიდეო]

ვირჯინიაში სამხედრო ცერემონიის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესთან, შეიარაღებული ძალების კაპიტან ლუის ავილასთან ერთად იმღერა.

სამხედრო ავღანეთში 2011 წელს მძიმედ დაიჭრა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი ავტომობილის ქვეშ აფეთქდა. სამხედრო მოსამსახურე 40 დღე კომაში იმყოფებოდა. ლუის ავილამ ორჯერ გადაიტანა გულის შეტევა. მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, ის პარალიზებული დარჩა.

რეაბილიტაციის პროცესში ლუის ავილა მუსიკალურ თერაპიას მიმართავდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის საზეიმო ცერემონიაზე მღერის.

არლინგტონის ბაზაზე გამართული საზეიმო ცერემონია აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსად გენერალ მარკ მილის დანიშვნას ეძღვნებოდა. მარკ მილიმ აღნიშნულ პოსტზე გენერალი ჯოზეფ დენფორდი შეცვალა.