დონალდ ტრამპმა რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა - მათ დაარღვიეს კანონი უდიდესი მასშტაბით, გააკეთეს ყველაფერი, რომ ხელი შეეშალათ ჩემი პრეზიდენტობისთვის
დონალდ ტრამპმა რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა - მათ დაარღვიეს კანონი უდიდესი მასშტაბით, გააკეთეს ყველაფერი, რომ ხელი შეეშალათ ჩემი პრეზიდენტობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოითხოვს სხვადასხვა დარღვევისთვის პასუხისგებაში მიეცეს რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელე, მათ შორის ისინი, ვინც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ. ამის შესახებ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მათ თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს ჩვენი დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოების უზარმაზარი შესაძლებლობები, ცდილობდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ ამერიკელი ხალხის ნებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის მტკიცებით, იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ყველა ხერხს მიმართავდნენ, რომ ის თეთრ სახლში არ დაბრუნებულიყო.

„ისინი ჯაშუშობდნენ ჩემი საარჩევნო შტაბის წევრების მიმართ, ახორციელებდნენ ოპერაციებს ჭორებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დაარღვიეს კანონი უდიდესი მასშტაბით, დევნიდნენ ჩემს ოჯახს, თანამშრომლებს და მხარდამჭერებს, დაესხნენ თავს ჩემს სახლს მარ-ა-ლაგოში და გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რათა ხელი შეეშალათ ჩემთვის, აშშ-ის პრეზიდენტი გავმხდარიყავი“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ის დაზვერვის 50-ზე მეტი თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ რუსეთს კავშირი ჰქონდა ჰანტერ ბაიდენის, ჯო ბაიდენის ვაჟის ლეპტოპიდან მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გამოქვეყნებასთან.

„მათ იცოდნენ, რომ ეს დიდი სიცრუე იყო. საბოლოოდ, ბანდიტებმა მარცხი განიცადეს, სიმართლემ გაიმარჯვა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტი დაადანაშაულა „რადიკალებთან გაერთიანებაში, რისი მიზანიც იყო მისი დამხობის მცდელობა“.

„ისინი ცდილობდნენ ამერიკის გადაქცევას კორუმპირებულ კომუნისტურ და მესამე მსოფლიოს ქვეყნად“, – თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპმა მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ სხვადასხვა საქმეზე მისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.