დონალდ ტრამპმა ის ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად" მოიხსენია
დონალდ ტრამპმა ის ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად" მოიხსენია

დონალდ ტრამპმა, ოვალურ კაბინეტში თათბირზე, ის ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად” მოიხსენია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და Washington Post შეხვედრის მონაწილეებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, რატომ უნდა სურდეს აშშ-ს ჰაიტიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტების მიღება, მისი თქმით, ეს ქვეყნები „ბინძური ხვრელებია“.
დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკული საიმიგრაციო სისტემა უპირატესობას უნდა ანიჭებდეს წარმატებული ქვეყნების მოქალაქეებს, როგორიცაა ნორვეგია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ განცხადებამდე ერთი დღის ადრე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.


თეთრმა სახლმა არ უარყო, რომ დონალდ ტრამპმა რიგი ქვეყნები უცენზუროდ მოიხსენია.

„ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსს ურჩევნია, სხვა ქვეყნების ინტერესები დაიცვას, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხის ინტერესებისთვის იბრძოლებს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა რაჯ შაჰმა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე იმიგრანტების ზოგიერთი კატეგორიის ლეგალიზებაზე მსჯელობდნენ.
დონალდ ტრამპის განცხადებას უკვე გამოეხმაურა კონგრესმენთა ნაწილი. წარმომადგენელთა პალატის წევრმა, “რესპუბლიკელმა” მია ლავმა, რომელიც ჰაიტელი იმიგრანტების ოჯახიდანაა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება ბოროტი, შუღლის გამღვივებელი, ქედმაღლურია და ერის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. მან მიუღებელი ქცევისთვის დონალდ ტრამპს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

“დემოკრატმა” კონგრესმენმა სედრიკ რიჩმონდმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს რასობრივი კუთხით დონალდ ტრამპის უტაქტო შეხედულებებს.

„ამას გარდა, ეს ამყარებს ჩვენს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის სლოგანი „Make America great again“ („დავუბრუნოთ ამერიკას დიდება) სინამდვილეში იშიფრება, როგორც „Make America white again“ (კვლავ გავხადოთ ამერიკა თეთრი)“, – განაცხადა კონგრესმენმა.