დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა
დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 20 000 ხმით აჯობა.

უისკონსინში ხმების ნაწილობრივი გადათვლის მოთხოვნა ტრამპის იურისტებმა ამ პროცედურისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირა. მათი მტკიცებით, მილუოკისა და დეინის რაიონებში არჩევნების დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტები არჩევნების შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებენ.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 5,6 მილიონი ხმით მეტი მიიღო. წინასწარი პროგნოზებით, საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენი 306 ხმას მიიღებს, ხოლო ტრამპი 232-ს.

იმისათვის, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს, აუცილებელია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ სულ მცირე სამ შტატში შეიცვალოს.

ამჟამად ხმების ხელით გადათვლა გრძელდება ჯორჯიის შტატში. შედეგები 20 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი.