დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ჰონგ კონგში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ჰონგ კონგში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარუდგინოს კონგრესს ანგარიში ჰონგ კონგში არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ იმის შესახებ, ფლობს თუ არა ჰონგ კონგი ავტონომიის საკმარის ხარისხს იმისთვის, რომ აშშ-მა მას ვაჭრობის შეღავათიანი პირობები შეუნარჩუნოს. ამას გარდა, კანონი ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტი კრძალავს აშშ-იდან ჰონგ კონგში პოლიციის გარკვეული აღჭურვილობის ექსპორტს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, ელექტროშოკერების.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მან საკანონმდებლო ინიციატივებს ხელი მოაწერა ჩინეთის ლიდერისა და ჰონგ კონგის მოსახლეობის მიმართ პატივისცემით. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთისა და ჰონგ კონგის ლიდერები და წარმომადგენლები უთანხმოებების მშვიდობიანად დარეგულირებას შეძლებენ.
თავის მხრივ, ჰონგ კონგის ადმინისტრაციამ აშშ-ში მიღებულ კანონს შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა და აღნიშნა, რომ ამან საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესაძლოა, არასწორი სიგნალი გაუგზავნოს.
ჰონგ კონგში საპროტესტო გამოსვლები ივნისიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად დემონსტრანტები ჩინეთში ექსტრადირების გამარტივების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, თუმცა მოგვიანებით, პროტესტმა უფრო ფართო ხასიათი მიიღო და ახლა დემონსტრანტები ჰონგ კონგის ლიდერის გადადგომას, დემოკრატიულ რეფორმებს, ჩინეთის გავლენის შემცირებასა და აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიებას ითხოვენ.