დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა, მეტი კონკრეტული ქმედებები განახორციელოს ქვეყნებში, სადაც რელიგიური თავისუფლებები ირღვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას რელიგიური თავისუფლების შესახებ. როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, განკარგულების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა, უფრო მეტი კონკრეტული ქმედებები განახორციელოს ისეთ ქვეყნებში, სადაც რელიგიური თავისუფლებები ირღვევა. პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნული ძალისხმევისთვის 50 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
აღმასრულებელი განკარგულების სახელწოდებაა „საერთაშირისო რელიგიური თავისუფლების გაძლიერება. დოკუმენტი ავალებს სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დააფინანსონ პროგრამები საზღვარგარეთ რელიგიური თავისუფლებების გაძლიერებისა და დაცვისთვის.
განკარგულება ასევე მოუწოდებს დიპლომატებს, პარტნიორ ქვეყნებთან რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევების პრობლემა წამოჭრან.
დონალდ ტრამპს რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულებისთვის საჯარო ცერემონიაზე არ მოუწერია ხელი და მის შესრულებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც ის და პირველი ლედი მელანია ტრამპი ვაშინგტონში, წმინდა იოანე პავლე მეორის ტაძარში იმყოფებოდნენ. მანამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტი თეთრი სახლიდან ფეხით მივიდა წმინდა იოანეს ეკლესიაში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციამ თეთრ სახლთან დემონსტრანტები დაშალა, რასაც დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.