დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისს საიდუმლო სამსახურის დაცვა გაუუქმა
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისს საიდუმლო სამსახურის დაცვა გაუუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისს საიდუმლო სამსახურის დაცვა გაუუქმა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კანონით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით, ჰარისს თანამდებობის დატოვების შემდეგ საიდუმლო სამსახურის დაცვა ექვსი თვით უნდა შეენარჩუნებინა. მისი სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფის ვადა კიდევ ერთი წლით ჯო ბაიდენმა გაახანგრძლივა. სწორედ ეს ბრძანება გააუქმა დონალდ ტრამპმა. „ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი მაშინ გადადგა, როდესაც კამალა ჰარისი იწყებს ქვეყნის მასშტაბით საკუთარი მემუარების პრეზენტაციის მიზნით ტურნეს.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა და ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა აღშფოთება გამოთქვეს ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო.

„ეს კიდევ ერთი შურისძიების აქტია პოლიტიკური რეპრესიების გრძელ სიაში, მათ შორის გათავისუფლებების, უსაფრთხოების ნებართვების გაუქმებისა და სხვა“, – განაცხადა ბასმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ჰარისის უსაფრთხოებას ემუქრება და ის პირადად იზრუნებს, რომ ჰარისი ლოს ანჯელესში დაცული იყოს.

ცნობისთვის, ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ არაერთ პირს გაუუქმა საიდუმლო სამსახურის დაცვა, მათ შორის ჰანტერ და ეშლი ბაიდენებს – ყოფილი პრეზიდენტის შვილებს, და ენტონი ფაუჩის, რომელიც ალერგიებისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი იყო. დაცვა გაუუქმდა ასევე ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და მოკავშირეებს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანs, მაიკ პომპეოსა და ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველs, ჯონ ბოლტონს.