დონალდ ტრამპმა ისტორიული შეთანხმების შესახებ განაცხადა - ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სუვერენიტეტის გაფართოებას შეაჩერებს
ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მან „ტვიტერშივე“ გაავრცელა აშშ-ის, ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი განცხადება.
„უზარმზარი გარღვევა დღეს! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების ფარგლებში, პრეზიდენტ ტრამპის თხოვნითა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარადჭერით, ისრაელი შეაჩერებს თავისი სუვერენიტეტის გაფართოების გეგმის განხორციელებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსია პირველ ივლისს უნდა დაწყებულიყო.
„ახლა, როდესაც ყინული გალღვა, ველოდები, რომ უფრო მეტი არაბული და მუსლიმური ქვეყანა მიბაძავს არაბთა გაერთიანებული საამიროების მაგალითს“, – განაცხადა ტრამპმა მოგვიანებით ოვალურ კაბინეტში.
აშშ-ის, ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი განცხადების თანახმად, დღეს შედგა საუბარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრის, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედს შორის, რა დროსაც მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.
უახლოეს კვირებში ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რა დროსაც მხარეები ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებებს ინვესტიციების, ტურიზმის, პირდაპირი ფრენების, უსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის კულტურის, გარემოს დაცვის შესახებ. ასევე შეთანხმდებიან საელჩოების გახსნაზე.