დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმების შედეგების შესახებ დაზვერვის წინასწარი მონაცემების გასაჯაროებაში დემოკრატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმების შედეგების შესახებ დაზვერვის წინასწარი მონაცემების გასაჯაროებაში დემოკრატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„დემოკრატები არიან ისინი, რომელთა მეშვეობითაც გაჟონა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იდეალური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციამ. ისინი უნდა დაისაჯონ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, დემოკრატიული პარტიის რომელ წევრებს გულისხმობდა კონკრეტულად.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ თანამშრომელი, რომელმაც CNN-ს სადაზვერვო მონაცემები გაუმხილა, ციხეში უნდა მოხვდეს. ლივიტის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიურო ამოწმებს, თუ ვინ იყო ინფორმაციის გაჟონვის წყარო.
ცნობისთვის, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა დაზვერვის ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, წინასწარი შეფასების მიხედვით, აშშ-ის ავიაიერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვით დახიოს უკან. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.