დონალდ ტრამპმა ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა
დონალდ ტრამპმა ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა.

„ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი ერთად გაუკვალავს გზას ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ზედმეტი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო დანახარჯების შეკვეცისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ – რაც აუცილებელია „ამერიკის გადარჩენის“ მოძრაობისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ილონ მასკსა და ვივეკ რამასვამის მიენიჭებათ უფლებამოსილება, განახორციელონ მასშტაბური ცვლილებები სამთავრობო ხარჯებში.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ფორმას მიიღებს ახალი დეპარტამენტი.

„სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი გასცემს რჩევებსა და მითითებებს მთავრობის გარედან“, – აღნიშნავს ტრამპი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია „ითანამშრომლებს თეთრ სახლთან და უკვე არსებულ მართვისა და ბიუჯეტის ოფისთან მასშტაბური სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად“.

ტრამპის თქმით, ილონ მასკისა და ვივეკ რამასვამის სამუშაო უნდა დასრულდეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღემდე, 2026 წლის 4 ივლისამდე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა თავად ილონ მასკიც, რომელმაც აღნიშნა, რომ დეპარტამენტი სისტემისთვის შოკის მომგვრელი იქნება და შეეხება ყველას, ვინც სამთავრობო სახსრების ფლანგვაშია ჩართული.

„ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რამდენად შეცვლის ეს ვითარებას“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში.