დონალდ ტრამპმა გუბერნატორებს შტატების ეკონომიკის მუშაობის განახლების გეგმა წარუდგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუბერნატორებს შტატების ეკონომიკის მუშაობის განახლების გეგმა წარუდგინა. გეგმა „ამერიკის კვლავ გახსნა“ სამფაზიანია, რომლის მიხედვითაც შტატები ეტაპობრივად მოხსნიან კოორნავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს.
როგორც თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა გაანაცხადა, გუბერნატორები შტატების გახსნის პროცესს თავად უხელმზღვანელებენ და ამაში მათ ფედერალური მთავრობა დაეხმარება.
აშშ-ის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ზოგიერთი შტატი მუშაობის განახლებას უკვე მიმდინარე თვეში შეძლებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, უხილავი მტრის წინააღმდეგ ოში მორიგი ეტაპი ამერიკის კვლავ გახსნაა.
„ამერიკას უნდა, რომ გაიხსნას და ამერიკელებს უნდათ, რომ გაიხსნან. მთელი ქვეყნის დახურვა არ არის მდგრადი გრძელვადიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, გაჭიანურებულმა კარანტინმა შესაძლოა, საზოგადოებრივ ჯანდაცვას სერიოზული ზიანი მიაყენოს. მისი თქმით, მკვეთრად გაზრდილია ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების, გულის დაავადებებისა და სხვა ფიზიკური და მენტალური პრობლემების მაჩვენებლები.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯანმრთელი მოქალაქეები შეძლებენ სამსახურებში დაბრუნებას, როგორც კი ამის საშუალებას მათ პირობები მისცემს. მისი თქმით, ამერიკელებისთვის სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია კვლავ ძალაში დარჩება.
დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი გეგმა 18-გვერდიანი დოკუმენტია. აშშ-ის ეკონომიკის მუშაობის განახლების გეგმა სამფაზიანია, რომელთაგან თითოეული სულ მცირე 14 დღე გრძელდება.
პირველი ფაზა მოიცავს ამჟამად აშშ-ში მოქმედ ძირითად ზომებს, როგორიცაა ჯგუფებად შეკრების აკრძალვა და მგზავრობისგან თავის შეკავება, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, მესამე ფაზით გათვალისწინებულია დიდი დაწესებულებების, როგორებიცაა რესტორნები, რელიგიური ობიექტების, სპორტული დაწესებულებების გახსნა ფიზიკური დისტანცირების მკაცრი პროტოკოლის დაცვით.
თუ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ტემპის ხელახლა აჩქარების ნიშნები არ იქნება, შესაძლებელია მეორე ფაზაზე გადასვლა, რომელიც არასასიცოცხლო მნიშვნელობის მგზავრობის შესაძლებლობას იძლევა. მეორე ფაზით გათვალისწინებულია სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება, ასევე მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობით ბარების გახსნა.
თუ კოორნავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, შტატებში შიძლება საზოგადოებრივი ურთიერთობების დაშვება ფიზიკური დისტანცირების დაცვით, ასევე სამუშაო ადგილებზე თანამშრომელთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმება.
აღსანიშნავია, რომ სამივე ფაზა მოიცავს რეკომენდაციებს პერსონალური ჰიგიენის დაცვისა და დამსაქმებლების მიერ სოციალური დისტანცირების, თანამშრომელთა ტესტირებისა და მათი კონტაქტების მონიტორინგის პოლიტიკის განვითარების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთ შტატს ბიზნესის გახსნა თუნდაც ხვალვე შეუძლია, თუ ისინი თეთრი სახლის მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
„თუ შეხედავთ მონტანას, უაიომინგს, ჩრდილოეთ დაკოტას – ისინი ძალიან განსხვავდებიან ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსისგან“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ქვეყნის 29 შტატს შეუძლია, ეკონომიკის გახსნაზე უახლოეს დღეებში გადავიდეს.