დონალდ ტრამპმა  გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა - ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს ერთგულებითა და სიხარულით სავსე გულით [ვიდეო]
დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა - ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს ერთგულებითა და სიხარულით სავსე გულით [ვიდეო]

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება, გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა. მიმართვას თეთრი სახლი ავრცელებს.

„45-ე პრეზიდენტის ვადის ამოწურვისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე მათთვის იღბალი გვინდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა“ , – აცხადებს დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ასევე თავისი ოჯახის სხვა წევრებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის ოჯახს, გენშტაბის უფროსს, მარკ შედოუს, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საიდუმლო სამსახურს, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებს.

„ყველაზე მეტად მე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. გემსახუროთ თქვენ როგორც პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში დონალდ ტრამპი 6 იანვრის მოვლენებსაც შეეხო, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

„ყველა ამერიკელი შეშფოთებული იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რაც ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის. ამას არასდროს შევეგუებით. ახლა როგორც არასდროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულების გარშემო, დავდგეთ პარტიულ ბრაზზე მაღლა და შევქმნათ ჩვენი საერთო ბედი“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ვრცლად ისაუბრა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე.

„ამ ქვეყნის ფარგლებში მილიონობით შრომისმოყვარე პატრიოტთან ერთად ჩვენ შევქმენით უდიდესი პოლიტიკური მოძრაობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ავაშენეთ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მისმა ადმინისტრაციამ აღადგინა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ემსახურება თავის მოქალაქეებს.

„ჩვენი დღის წესრიგი არ გულისხმობდა მემარცხენეობას ან მემარჯვენეობას, რესპუბლიკელობას ან დემოკრატობას, ის გულისხმობდა მთელი ერის კეთილდღეობას“, – განაცხადა ტრამპმა.

თავისი პრეზიდენტობის მიღწევებს შორის დონალდ ტრამპმა გადასახადების შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება, სავაჭრო შეთანხმებებიდან, ასევე პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლა, ენერგორესურსებზე წვდომის გახსნა, მოსამართლეების დანიშვნა დაასახელა. მიღწევებს შორის ტრამპმა ასევე ჩამოთვალა: საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება, კოსმოსური ძალების დაარსება, „ისლამური სახელმწიფოს“დამარცხება, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქდ აღიარება, ახლო აღმოსავლეთში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები.

„შემოსავლები გაიზარდა, ხელფასები გაიზარდა, ამერიკული ოცნება აღდგა და მილიონობით ადამიანი სიღარიბიდან გამოვიდა სულ რაღაც ოთხ მოკლე წელიწადში. ეს იყო სასწაული“, – აღნიშნავს ტრამპი.

„განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რესპუბლიკელი პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის პანდემიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეკორდულ დროში მისი ადმინისტრაციის დროს შესაძლებელი გახდა ორი ვაქცინის წარმოება, რასაც „სამედიცინო სასწაული“ უწოდეს.

„სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, ათამდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესამუშავებლად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ყველაზე დიდ საფრთხედ დონალდ ტრამპმა „ქვეყნის სიდიადისადმი რწმენის დაკარგვა“ დაასახელა.

პრეზიდენტმა, რომელსაც ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებში გვერდები დაუბლოკეს, გამოსამშვიდობებელ მიმართვაში სიტყვის თავისუფლების შესახებაც ილაპარაკა.

„ამ მემკვიდრეობის ცენტრში ასევეა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და ღია დებატებისადმი ძლიერი რწმენაა. მხოლოდ თუ დავივიწყებთ, ვინ ვართ და როგორც მოვედით აქ, შეგვეძლება, დავუშვათ პოლიტიკური ცენზურა და „შავი სიები“ ამერიკაში. ეს წარმოუდგენელია. თავისუფალი და ღია დებატების დახურვა არღვევს ჩვენს მთავარ ღირებულებებსა და ყველაზე მდგრად ტრადიციებს“, – ამბობს ტრამპი.

„ახლა, როდესაც მე ვემზადები გადავცე ხელისუფლება ახალ ადმინისტრაციას ოთხშაბათს, შუადღეს, მსურს, იცოდეთ, მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, მხოლოდ იწყება. აქამდე მსგავსი არასდროს ყოფილა. იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება, არამედ ყოველდღიურად მხოლოდ გაძლიერდება. ვიდრე ამერიკელი ხალხი გულით ატარებს ქვეყნისადმი ღრმა და ერთგულ სიყვარულს, არაფერია, რასაც ეს ერი ვერ მიაღწევს. ჩვენი საზოგადოება აყვავდება. ჩვენი ხალხის კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იქნება. ჩვენი ტრადიციები სათუთად იქნება მოვლილი. ჩვენი რწმენა იქნება ძლიერი და ჩვენი მომავალი იქნება ნათელი როგორც არასდროს. მე ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს ერთგულებითა და სიხარულით სავსე გულით, ოპტიმისტური სულისკვეთებით და ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისადმი უზენაესი რწმენით. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრ სახლს 20 იანვარს, დილით დატოვებს.