დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ქვეყანაში მყოფ უცხოელ სტუდენტებს აშშ-ის დატოვებას ავალდებულებდა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ქვეყანაში მყოფ უცხოელ სტუდენტებს აშშ-ის დატოვებას ავალდებულებდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ქვეყანაში მყოფ უცხოელ სტუდენტებს აშშ-ის დატოვებას ავალდებულებდა, თუ პანდემიის გამო მათი სასწავლო პროცესი დისტანციურად ტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ინიციატივა სასამართლოში ჰარვარდის უნივერსიტეტმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა გაასაჩივრა.

საიმიგრაცო და საბაჟო კონტროლის სამსახურმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ სტუდენტური ვიზის მქონე პირებს მოუწევთ აშშ-ის დატოვება ან სასწავლებლის შეცვლა, თუ მათი სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურად იმართება. ამასთან ერთად, განკარგულება ითვალისწინებდა სტუდენტური ვიზების გაცემის შეჩერებას ონლაინ პროგრამებში ჩართული სტუდენტებისთვის.

სასამართლოს მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა სასამართლოს შეატყობინეს, რომ ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია.