დონალდ ტრამპმა ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების „ეკონომიკურ მეტოქეებად“ დაასახელა
დონალდ ტრამპმა ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების „ეკონომიკურ მეტოქეებად“ დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების „ეკონომიკურ მეტოქეებად“ დაასახელა. აღნიშნულ თემაზე თეთრი სახლის ლიდერმა CBS-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი მტერი გვყავს. ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკიდან გამომდინარე, ისინი ჩვენი მეტოქეები არიან. ეს არ ნიშნავს რაიმე ცუდს. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კონკურენტუნარიანები არიან“, – დასძინა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს პატივს სცემს, თუმცა ისინი სავაჭრო საკითხებში აშშ-ზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია და თავდაცვის სფეროში ხარჯებს არ იხდის. ამ ხერხით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანია ნატო-ს სამიტის შემდეგ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ინტერვიუში დონალდ ტრამპმა „ჩრდილოეთის ნაკად 2-ზეც“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსული ბუნებრივი აირის გამო გერმანიასთან სერიოზული პრობლემა აქვს.

დონალდ ტრამპის განცხადებას მალევე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

„ამერიკა და ევროკავშირი საუკეთესო პარტნიორები არიან. ვინც ამბობს, რომ ჩვენ მეტოქეები ვართ, ის მცდარ ინფორმაციას ავრცელებს“, – დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დონალდ ტუსკმა.